Categories
სტატიები

იკიო – კიჰონი

წყარო: https://aikidotakemusu.org/ikkyo-kihon/

ვიდეოში წარმოდგენილი მოძრაობა იკიო ომოტეს საბაზო, ელემენტარული ფორმაა. ის ანბანის ასო „ა“-ს შეესაბამება.

ყველაფერს სჭირდება რაღაცით დაწყება.

ტექნიკის შესწავლას ყოველთვის იკიოთი ვიწყებთ.

ვიდეოში წარმოდგენილი მოძრაობა იკიო ომოტეს საბაზო, ელემენტარული ფორმაა. ის ანბავის ასო -ს შეესაბამება. როდესაც ის მარტოა, ასო -ს შინაარსი არა აქვს, ის ჯერ კიდევ მხოლოდ და მხოლოდ მუსიკის ნოტია. როდესაც შეგვეძლება ეს ასო სხვა ასოებს დავუკავშიროთ და ამით სიტყვა შევადგინოთ, მხოლოდ მაშინ ჩნდება შინაარსი.

თანაც,  იკიო კიჰონია და სხვა არაფერი. ვინაიდან იგივე სიტყვა ხის ფესვსაც ნიშნავს, საჭიროა, რომ ეს ხე ერთ მშვენიერ დღესაც ამოვიდეს, რათა ფესვმა თავისი არსებობის საფუძველი დაინახოს. ფესვი უნდა გაძლიერდეს სწავლით, ვარჯიშით, მაგრამ არ უნდა დარჩეს სტერილური, ხეც უნდა აღმოცენდეს და გაიზარდოს: სიცოცხლემ უნდა შექმნას, ისევე როგორც ამ ტექნიკამ, ილეთმა უნდა გამოისხას ნაყოფი.

არ შეიძლება დავკმაყოფილდეთ ტექნიკათა (ილეთების) უსასრულოდ გამეორებით მეთოდის წიაღში, რადგან აიკიდო ტექნიკის მიღმაა და, აქედან გამომდინარე, მეთოდის მიღმაცაა. მეთოდი აუცილებელია, თუმცა ის არ გახლავთ ხელოვნების საბოლოო მიზანი, ის ისეთად უნდა მივიღოთ, როგორიც არის: ის არის მოაჯირივით, ამ სიტყვის პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით. ამიტომაც სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ და ის საბოლოო მიზნად არ ვაქციოთ, მეთოდმა სასკოლო სავარჯიშოების მარადიული ყოველდღიურობისგან განსხვავებულ განზომილებამდე უნდა მიგვიყვანოს.

ყველაზე დიდი პატივი, რომელიც შეგვიძლია მის შემქმნელს მივაგოთ, მდგომარეობს იმაში, რომ გამოვიყენოთ ეს მეთოდი იმ სულისკვეთებით, რომელიც წინ უძღოდა მის შექმნას. და იგი – მეთოდი – არ დახვეწილა იმისათვის, რომ საბოლოო მიზნად ქცეულიყო, არამედ პირიქით, გიდის სახელმძღვანელოდ გამხდარიყო ადამიანისთვის და ილეთებს თავისი შედეგები მოეტანა. ეს შედეგები კი აშკარად ისაა, რასაც ო-სენსეი ტაკემუსუს უწოდებდა.

ფილიპ ვოარინო
18 ოქტომბერი, 2021

Categories
სტატიები

კენ ტაი ჯო #3 – The old way

წყარო: https://aikidotakemusu.org/ken-tai-jo-3-the-old-way/

საიტო სენსეიმ კენ ტაი ჯოს ეს სავარჯიშო ივამაში, 1980-იანი წლების მიწურულს დახვეწა. მან ის არაერთხელ გადააკეთ-გადმოაკეთა, ვიდრე საბოლოო ფორმას მისცემდა.

საიტო სენსეიმ კენ ტაი ჯოს ეს სავარჯიშო ივამაში, 1980-იანი წლების მიწურულს დახვეწა. მან ის არაერთხელ გადააკეთ-გადმოაკეთა, ვიდრე საბოლოო ფორმას მისცემდა. ამ ფორმას დღეს კენ ტაი ჯო n°3 ეწოდება.

მე შევესწარი ამ თანდათანობით გადაკეთებ-გადმოკეთებას და არაერთხელ გამიწევია უკეობა საიტო სენსეის ამ განუწყვეტელი კვლევა-ძიების დროს.

ერთ-ერთი ძველი ფორმა, რომელმაც კარგა ხანს იარსება, მდგომარეობდა იმაში, რომ საბოლოოს ჩხვლეტის შესრულებისას ჯო თავს ზემოთ რჩებოდა, მარჯვენა ხელი კი იარაღის ზედა დაბოლოებასთან რჩებოდა.

ეს ფორმა ნაჩვენებია ვიდეოში:

საკითხავია, რატომ არჩია საიტო სენსეიმ  ფორმა, რომელსაც დღეს ვიცნობთ, იმას, სადაც ჯო თანდათანობით ჩამოდის ქვევით და სადაც მარჯვენა ხელი ქვევითკენ ცურავს ჩხვლეტის მომენტში:

პასუხს იპოვით სტატიაში, რომელსაც მე „თვალები იმისათვის, რომ ვერ დავინახოთ დავარქვი.

მართლაც, ვინაიდან რეალობაში ამ სავარჯიშოს „საბოლოო“ ჩხვლეტა სხვა არაფერია, თუ არა სხეულის შეტრიალება მარცხნისაკან, რაც ხელს გვიშლის იოკომენის დარტყმის შესრულებაში ჯოს ზედა დაბოლოებით ტორისგან ხელმარჯვნივ მდგომ მეორე მოწინააღმდეგეზე, ამიტომაც აუცილებელია ასე შესრულდეს დარტყმა პირველი მოწინააღმდეგის მარცხენა ფერდში. ფერდში შესრულებული ეს დარტყმა გაგებულ უნდა იქნეს, როგორც იოკომენი, რომელსაც ვურტყამთ პირველი მოწინააღმდეგისაგან 180°-ით მდგარ მეორე მოწინააღმდეგეს. ასეთ დროს ტაი ნო ჰენკათი შესრულებული ეს მოძრაობა სრულყოფილი ხდება.

ვფიქრობ, რომ სწორედ ამ მიზეზით შეიმუშავა საიტო სენსეიმ სასწავლო სავარჯიშოს საბოლოო ვერსიად ის ფორმა, რომელსაც დღეს ვასრულებთ ჩვენ.

ფილიპ ვოარინო
3 ოქტომბერი. 2021

Categories
სტატიები

კენ ტაი ჯო #3 – ხელის შეცვლა

წყარი: https://aikidotakemusu.org/ken-tai-jo-3-le-changement-de-main/

კენ ტაი ჯო n°3-ის ჰასო გაეში, რომელიც უშუალოდ უსწრებს წინ სავარჯიშოს საბოლოო ჩხვლეტას, ბრუნვის დროს უნდა შესრულდეს.

კენ ტაი ჯო n°3-ის ჰასო გაეში, რომელიც უშუალოდ უსწრებს წინ სავარჯიშოს საბოლოო ჩხვლეტას, ისე უნდა შესრულდეს, რომ არა მხოლოდ მარცხენა ხელი, არამედ მარჯვენა ხელიც შეიცვალოს ბრუნვის დროს და არა მის შემდეგ.

როდესაც ხელი ბრუნვის შემდეგ იცვლება, უკვე ძალიან გვიანაა.

შედარებისთბის, შეგვიძლია გავიხსენოთ ჯოს სუბური, სახელად ჰასო გაეში უშირო ცკი. ამ სუბურშიც ხელი ბრუნვის დროს იცვლება, რაც საშუალებას გვაძლევს, ჯო წინამხრის ქვეშ მისსავე ხაზს გავუსწოროთ, რათა ვუჩხვლიტოთ უკნისაკენ დროის დაუკარგავად და მოძრაობის სრულიად ჰარმონიული გაგრძელებით.

ფილიპ ვოარინო
26 სექტემბერი 2021

Categories
სტატიები

კენ ტაი ჯო #3 – თვალები იმისათვის, რომ ვერ დავინახოთ

წყარო: https://aikidotakemusu.org/ken-tai-jo-3-yeux/

ჯოს ორი დაბოლოება პლოპელერის ორი ფრთასავითაა, ერთად რომ ტრიალებენ და ერთი მეორის გარეშე რომ ვერ ურტყამს.

ხშირად თვალები იმისათვის გვაქვს ხოლმე, რომ ვერ დავინახოთ.

ბოლო ტექნიკურ სტატიაში განსაკუთრებულად გავუსვი ხაზი იმ ამბავს, რომ ჯოს ხმარებისას ორივე დაბოლოება ერთად უნდა ურტყამდეს თითოეული ბრუნვისას და არა ცალკე რომელიმე მათგანი.

კენ ტაი ჯო n°3 საინტერესოა ამ თვალსაზრისით.

მართლაც, მიუხედავად იმისა, რომ დამასრულებელი მოძრაობა ჰასო გაეშია, რომელიც ჯოს ზედა დაბოლოებას იოკომენით დარტყმისთვის ამზადებს, დამასრულებელი ჩხვლეტა მაინც ქვედა დაბოლოებით ხდება.

თუმცა ყურადღება! აქ არ იგულისხმება ერთის ან მეორის არჩევანი ამ ორი შესაძლებლობიდან: ყოველ ჯერზე ვირჩევთ ორივეს. ეს იმას ნიშნავს, რომ რეალურ სიტუაციაში ორ თავდამსხმელთან, რაც არ მოხდებოდა ისე, როგორც აქაა, მეთოდის წრფივი სავარჯიშოს კონტექსტში, ტორი არ გაჩერდებოდა ჩხვლეტაზე, რომელიც პირველ მოწინააღმდეგეს ფერდს უნადგურებს. ამ ჩხვლეტას დაუყოვნებლივ მოჰყვებოდა სხეულის 180°-იანი ბრუნვა მარცხნისაკენ, რათა ჯოს მეორე დაბოლოებით იოკომენი დაგვერტყა მეორე მოწინააღმდეგისათვის, რომელიც ტორის ხელმარჯვნივ უდგას.

ჯოს ორი დაბოლოება პროპელერის ორი ფრთასავითაა, ერთად რომ ტრიალებენ და ერთი მეორის გარეშე რომ ვერ ურტყამს, ესაა სხეულის ბზრიალასებრი ბრუნვის შედეგი, რაც აიკიდოს მოქმედების პრინციპია.

ეს ინფორმაცია სახეზეა მესამე კენ ტაი ჯოშიც მათთვის, ვისაც თვალების გახელა და სავარჯიშოების ქსოვილში ჩაწერილი ინსტრუქციების წაკითხვა უნდა და ამ უკანასკნელთა მექანიკური გამეორებით არ კმაყოფილდება. აიკიდო მართლაც არ უნდა  დავამცროთ ხელის მეტ-ნაკლებ სიმარჯვემდე, რომლითაც ამ სასკოლო სავარჯიშოებს ვასრულებთ. ასე ის მხოლოდ სანახაობად და პარტნიორებს შორის როლების შესრულებად გადაიქცეოდა.

ფილიპ ვოარინო
30 აგვისტო 2021

Categories
სტატიები

კენ ტაი ჯო – ავასეს გასაღები

წყარო: https://aikidotakemusu.org/ken-tai-jo-la-clef-de-lawase/

იარაღით ამა თუ იმ მოძრაობის შესრულებისათვის აუცილებელი დრო ვერ იქნება იმაზე გრძელი, ვიდრე დრო, რომელიც მოწინააღმდეგეს სჭირდება იმისათვის, რომ თავისი იარაღი დაგარტყათ.

აქ მოხმობილი განმარტებები ტექნიკური სტატიის გაგრძელებას წარმოადგენს, რომელსაც სახელად „კენ ტაი ჯოს უნიკალური სუბური“ ეწოდება.

ამ წინა სტატიაში ვიხილეთ, რომ აიკიდოს შუბი განსხვავებულად და განსაკუთრებულად მოქმედებს: ესაა ხრახნი, რომლის ორივე ფრთა თავისი მოქმედებით ერთმანეთს ავსებს და ორ სხვადასხვა მოწინააღმდეგეს ერთდროულად ურტყამს.

ამგვარი მოძრაობა, როგორც უკევ აღვნოშნეთ, სტრატეგიულ უპირატესობას გვანიჭებს და საშუალებას გვაძლევს, ყოველ ჯერზე ორ-ორ მეტოქეს დავარტყათ სივრცის ოთხივე მიმართულებით.

თუმცა არსებობს ტექნიკური ხასიათის ინტერესიც ჯოს ხრახნის პრინციპით ხმარებისა, როდესაც ბრუნებს ამა თუ იმ ღერძის გარშემო ვაკეთებთ.

მართლაც, იარაღით ამა თუ იმ მოძრაობის შესრულებისათვის აუცილებელი დრო ვერ იქნება იმაზე გრძელი, ვიდრე დრო, რომელიც მოწინააღმდეგეს სჭირდება იმისათვის,  რომ თავისი იარაღი დაგარტყათ. ეს იმპერატივი კავშირშია ცნებასათან, რომელსაც იაპონურად ავასე ეწოდება. ამ ცნებას არასრულად თარგმნიან ინგლისურად სიტყვით timing, ან ფრანგულად ‘სინქრონიზაციით’. მისი კონცეპტი ყველაზე მეტად ალბათ მაინც ჰარმონიას უახლოვდება.

ამასთან, როდესაც ჯო იხმარება იმ იდეით, რომ თითოეულ ჯერზე მხოლოდ ერთ დაბოლოებას ვუტყამთ, მოქმედება ძალიან ნელდება და ეს სინელე ხელს უშლის ავასეს.

და პირუკუ, ჯოს ორივე დაბოლოებით ერთდროული დარტყმა საშუალებას გვაძლევს ძალიან მალე დავინახოთ, რომ ორივე დაბოლოება ერთმანეთთან ერთიანი დინამიკითაა დაკავშირებული და რომ ერთის ენერგია მეორის ენერგიის გამამრავლებელი ფაქტორია: ჯოს ერთი დაბოლოების კინეტიკური ენერგია დაკავშირებულია მეორე დაბოლოების კინეტიკურ ენერგიასთან.

სწორედ ამის ჩვენების მცდელობაა ამ ვიდეოში და გარეთ მისი გამოტანილი სურათიც ისეა შერჩეული, რომ საილუსტრაციოდ ყველაზე კარგად აჩვენოს ჯოს ორივე დაბოლოების ურთიერთშემავსებელი აქსელერაციის სამუშაო.

ფილიპ ვოარინო
5 აგვისტო 2021

Categories
სტატიები

კენ ტაი ჯო #2 – მჭრელი პირი წვეტისათვის

წყარო: https://aikidotakemusu.org/ken-tai-jo-2-taille-estoc/

როტაციული პრინციპი საშუალებას გვაძლევს მყისიერად დავარტყათ წინ, უკან, მარცხნივ და მარჯვნივ, თანაც ისე, რომ ამისთვის მოსამზადებელი ფაზა არ გავიაროთ.

ყველას ესმის, რომ მეორე კენ ტაი ჯო ამავე კენ ტაი ჯოს მეორე სუბურზეა აგებული, რომელსაც უბრალოდ ბოლოში ირიმის თვლა ემატება ცკის ფორმით.

ამ სავარჯიშოს პირველი და მეორე თვლა, რაკი ისინი სხვა არაფერია, თუ არა მეორე სუბური, უნდა შესრულდეს ისე, როგორც მითითებულია ეს წინა ორ ტექნიკურ სტატიაში და მოძრაობიასას ნათლად უნდა ჩანდეს შუბის ორივე დაბოლოების ერთდროული დარტყმა.

არაერთხელ განგვიმარტავს ამ საიტზე, რომ ყოველი მოძრაობის სათავე თეძოების ბრუნვაში მატერიალიზებული სხეულის ბრუნვაა. ვერც ერთი მოქმედება აიკიდოში იქამდე ვერ იქნება შესაძლებელი, ვიდრე საქმეში არ ჩაერთვება ეს ბრუნვა, სახელად ირიმი-ტენკანი.

არც მეორე კენ ტაი ჯოს ფინალური თვლა ეწინააღმდეგება ამ წესს: სწორედაც, რაკი მარცხენა თეძო უკნისაკენ ბრუნავს და გიაკუ იოკომენის ჭრას ახორციელებს შუბის მარცხენა დაბოლოებით, ამიტომაცაა, რომ მარჯვენა თეძო წინისაკენ ბრუნავს და შუბის მარჯვენა დაბოლოებას წინისაკენ აწვება ცკით. ორივე თეძო ერთდროულად მოქმედებს ამ ორი დარტყმის შესასრულებლად: მარცხენა მჭრელი პირი აუცილებელია, რომ მარჯვენა წვეტით შევარჭოთ, ეს ორივე დარტყმა ერთმანეთს ავსებს.

მაშასადამე, მე-2 კენ ტაი ჯოს უკანასკნელი მოძრაობა არ მდგომარეობს იმაში, რომ უნდა „მოვამზადოთ“ ცკის გასაკეთებლად – ჭრას და დარტყმას ერთდროულად ვასრულებთ. უცხო თვალისთვის შესრულების ეს ორი მანერა ერთმანეთს ჰგავს, არადა განსხვავება, რომელიც ამ ორ მოქმედებას ყოფს ერთმანეთისგან, სწორედაც აიკიდოს თავისებურების მთავარი კონცეფციაა.

როდესაც ადამიანი კმაყოფილდება იმით, რომ ჯო უკან მიაქვს მოსამზადებლად, ირიმის (ცკის) ფაზა დგება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის იარაღს მოამზადებს ამისთვის. და პირიქით, როდესაც მოძრაობა სხეულის უკნისაკენ ბრუნვით იწყება, სხეულის მარჯვენა ნაწილი მყისიერად მიდის წინისაკენ ირიმის ფაზაში. ამ სტატიის სასათაურო სურათად ეს ფოტო იმიტომ ავირჩიე, რომ ეს ცნება ყველაზე ნათლად ჩანს აქ

ამ ყველაფერს უფრო ზოგად დასკვნამდე მივყავართ: როტაციული პრინციპი საშუალებას გვაძლევს აიკიდოში მყისიერად დავრტყათ წინ, უკან, მარცხნივ და მარჯვნივ, თანაც ისე, რომ არ გავიაროთ წინასწარი მოსამზადებელი ფაზა დარტყმისათვის. სხვა სიტყვებით, ხმალი და შუბი მუდმივად შემართულია აიკიდოში და თვით აზრი დარტყმის მომზადების შესახებ, ნიშანია მოქმედების პრინციპის უცოდინარობისა. მოქმედების ეს პრინციპი ამ ხელოვნების გულშია.

შევეცდები, ერთ დღესაც ავხსნა ეს პრინციპი ხმლის ხუთი კამაედან. არასდროს უნდა დავკარგოთ მხედველობიდან ეს რეალობა: „დარტყმის მომზადებისათვის“ საჭირო დრო საკმარისია მოწინააღმდეგისათვის, რომ მან თავად დაგარტყათ თქვენ. დარტყმის მომზადება სინამდვილეში საკუთარი მოწყვლადობის ორგანიზებას ნიშნავს. ყველამ მომიტევოს ეს ახირება, მაგრამ „მყისიერი თუ დაუყოვნებლივი პასუხი“, რაზეც ო-სენსეი ლაპარაკობს, ვერ მომზადდება, თვით განსაზღვრებაც მიუთითებს ამას.

ფილიპ ვოარინო
23 ივლისი, 2021

Categories
სტატიები

კენ ტაი ჯო #2 – 2 = 1

წყარო: https://aikidotakemusu.org/ken-tai-jo-2-2-1/

კენ ტაი ჯოს მეორე სუბურის მოძრაობა, ფაქტობრივად, პირველი სუბურის მოძრაობიდანაა შემუშავებული. პირველი მეორის საწყისი წერტილია.

ორი უდრის ერთს, ეს ნიშნავს, რომ მე-2 სუბური არ გახლავთ ახალი, დამოუკიდებელი სავარჯიშო, რომელსაც არაფერი აქვს საერთო 1-ელ სუბურთან.

კენ ტაი ჯოს მეორე სუბურის მოძრაობა, ფაქტობრივად, პირველი სუბურის მოძრაობიდანაა შემუშავებული. ეს იმას ნიშნავს, რომ პირველი სუბური მეორე სუბურის საწყისი წერტილია, ან, თუ გნებავთ, რომ მეორე სუბური პირველი სუბურის განვრცობას წარმოადგენს.

ვინაიდან პირველი სუბური მეორე სუბურის პირველი ნაწილია, ცხადია, ის უნდა დავინახოთ ამ უკანასკნელში, მასში უნდა დავინახოთ, პირველი სუბურის ტექნიკური ფორმა სრულად უნდა გამოჩნდეს მეორის შესრულებისას.

ისე ხდება, რომ პირველი სუბურის პირველ თვლაზე უჩის ხმალს ვურტყამთ დიაგონალურად, მარჯვნიდან მარცხნისკენ, ჯოს წინა მხარით და ჯო საერთოდ არ გაგვაქვს უკნისაკენ.

ამის შემდეგ, რამდენადაც პირველი სუბურის ეს თვლა მეორე სუბურის დასაწყისში უნდა დავინახოთ, შეუძლებელი ხდება ამ მეორე სუბურის დაწყება ჯოს უკნისაკენ წაღებით, როგორც ხშირად აკეთებენ ხოლმე მოვარჯიშეები და მასწავლებლები, რომელთაც არ ესმით, რომ 1-ელ და მე-2 სუბურებს შორის განგრძობითობის კავშირი არსებობს.

აიკიჯოში არასდროს ვაქრობთ იარაღის ერთ დაბოლოებას იმ აზრით, რომ დავარტყათ მეორე დაბოლოებით. პირიქითაც კი – სწორედ ერთი დაბოლოებით დარტყმა გვაძლევს საშუალებას, დავარტყათ მეორით. არ არსებობს აზრი, არ არსებობს განზრახვა, არ არსებობს ანგარიში, არ არსებობს დრო ამ ყველაფრისთვის, არსებობს მხოლოდ და მხოლოდ როტაციული მუშაობა პროპელერის დარად, რომელიც სივრცეში გადაადგილდება და რომელსაც ერთიმეორის მიყოლებით შესრულებული ტაი ნო ჰენკები ამოძრავებს. და ასეთ დროს ყველაფერი თავის ადგილას ლაგდება.

ეს ტექნიკური სტატია წინა სტატიის გაგრძელებაა, რომელიც კენისა და ჯოს პრაქტიკისა და, ზოგადად, აიკიჯოს ამავე ფუნდამენტურ საკითხებს შეეხებოდა.

ფილიპ ვოარინო
14 ივლისი. 2021

Categories
სტატიები

კენ ტაი ჯო – პროპელერი და შუბი

წყარო: https://aikidotakemusu.org/ken-tai-jo-helice-et-la-lance/

შუბის ბოლოებში დამაგრებული ორი მჭრელი პირი ერთდროულად ჭრის, ერთმანეთის სოლიდარულნი არიან  და ორ სხვადასხვა სამიზნეს ერთდროულად სწვდებიან.

1909 წლის 25 ივლისს, თავისი მონოპლანის, ბლერიო XI-ის სამართავი მოწყობილობების წინ მჯდომმა ლუი ბლერიომ პირველმა გადაკვეთა ლა მანში თვითმფრინავით. ინგლისის მიწაზე უხეშად დაეშვა და ერთ-ერთი პროპელერი მოსძვრა თვითმფრინავს.

მაგრამ რაკი მიდი პროპელერის ორივე ფრთა ერთად ფუნქციონირებდა ფრენის დროს, ბლერიომ ამ საგმირო საქმის განხორციელება შეძლო.

როდესაც პროპელერის ერთი ფრთა ტრიალებს, მეორე ფრთა ჩაის არა სვამს და თავის ჯერს არ ელოდება.

ასევე ხდება შუბის ხმარებისას აიკიდოში: შუბის ბოლოებში დამაგრებული ორი მჭრელი პირი ერთდროულად ჭრის, ერთმანეთის სოლიდარულნი არიან და ორ სხვადასხვა სამიზნეს ერთდროულად სწვდებიან. ვერც ერთი მათგანი ვერ იმოქმედებს მეორის გარეშე.

თუ გონება გაჯერებული არ არის ტრიალის ამ ფაქტორით, პროპელერის მსგავსად, აიკიდოს შუბის პრაქტიკა თანდათანობით გარდაქიმნება და დაემსგავსება უბრალო ჯოხის ხმარებას, როგორც ეს არსებობს, მაგალითად, ჯოდოს შინდო მუსო რიუს სკოლაში. აიკიჯოს კი არაფერი აქვს საერთო ჯოდოსთან, აიკიდოს პრინციპი კრძალავს ჯოს ხმარებას ჯოდოს ტექნიკის პრინციპების მიხედვით. აიკიდოს ორიგინალური მოქმედების პრინციპი, ზოგადად, არ გახლავთ ტრადიციულ ბუდოებთან თავსებადი.

აქ ვიდეოში ნაჩვენებია კენ ტაი ჯოს პრაქტიკის შუბის მეორე სუბური.

ფილიპ ვოარინო
4 ივლისი 2021

Categories
სტატიები

კენ ტაი ჯო #1 – The old way

წყარო: https://aikidotakemusu.org/ken-tai-jo-1-the-old-way/

ამ კენ ტაი ჯოს პირველ თვლაზე შუბი მარცხნისაკენ ჭრის. ამ ჭრის შეგრძნების განსავითარებლად მას სამიზნედ ხმალს აძლევენ, დაახლოებით ისევე, როგორც მოკრივეს ჩამოუკიდებენ ხოლმე ტომარას, რათა მან დარტყმა ისწავლოს. ჭრა ასე უკვე რაღაცას დაეყრდნობა, რაღაც მატერიალურს.

თუმცა ეს სხვა არაფერია, თუ არა სავარჯიშო პროცედურა, არამც და არამც არ უნდა გადავაკეთოთ ეს სავარჯიშო და არ ჩავდოთ შიგ ის აზრი, თითქოს საჭიროა უჩის ხმლის გვერდზე გაწევა, იმიტომ რომ ამგვარად ჭრას მოგერიებად გადავაქცევთ, მაშინ როცა მოგერიების კონცეფცია აიკიდოში არ არსებობს.

აიკიდოში არასდროს ებრძვიან უჩის იარაღს, აიკიდოში აკეთებენ ირიმის და უჩის იარაღი სიცარიელეში ეშვება. როდესაც აიკიდოს მოძრაობა სრულდება სწორად, იარაღებს შორის კონტაქტი არ არის. ამის გაგება არსებითად მნიშვნელოვანია: მხოლოდ ვარჯიშის დროს ეჯახება ერთმანეთს ხმალი და ჯო.

მოწინააღმდეგის იარაღთან ბრძოლა ფუჭად დაკარგული ძვირფასი დროა და ამასთან ხელსაყრელ ვითარებას და დროს ვთავაზობთ სხვა მოწინააღმდეგეს, რომ ჩვენ დაგვარტყას. ასევე ვქმნით სრულიად არასაჭირო ღიაობას საკუთარ დგომში.

პირიქით, აიკიდო გვთავაზობს მოქმედებას, რომელშიც აცილების, მოგერიების, დაბლოკვის ცნება საერთოდ არ არსებობს. და წამით თუ ჩავუფიქრდებით, მხოლოდ ამგვარი ტექნიკური ბაზა შეიძლება მოერგოს არშეწინააღმდეგების იდეას, რაც აიკიდოს გულის გულში ძევს. მართლაც, როგორ გავანადგუროთ თავისთავად ბრძოლის ჟინი, როდესაც ეს ჟინი მოწინააღმდეგის იარაღთან ბრძოლითაა დაკავებული?

მაგრამ, რასაკვირველია, ყველა სავარჯიშოში იარაღები ერთმანეთს ეჯახება, ვინაიდან მოთხოვნაა, რომ სწავლება ამგვარად მიმდინარეობდეს. ამ დროს ვეჩვევით ასეთ ხმაურიან მოქმედებას და ბოლოს იმით ვამთავრებთ, რომ ვფიქრობთ, კენისა და ჯოს ჭეშმარიტება ამაშიაო… გვგონია, რომ ეს ჭეშმარიტება სულაც არ განსხვავდება იმ სანახაობიდან, რომელიც ეროლ ფლაინმა მოგვცა რობის ჰუდის თავგადასავლებში.

სწორედ ამ დროს გადავდივართ კინოს კეთებაზე და აიკიდოს პრინციპი გვერდზე გვრჩება.

ამ ვიდეოში ეს კუმიჯო n°1 ნაჩვენებია იმ სახით, რა სახითაც ასწავლიდა საიტო სენსეი 1980-იან წლებში, როდესაც მან ის ტექნიკური ფორმები შექმნა, რომლებიც დღეს კენ ტაი ჯოს სახელითაა ცნობილი. იმხანად მეც ივამაში გახლდით და წილად მხვდა ბედნიერება, შევსწრებოდი ამ სავარჯიშოების თანდათანობით დახვეწას, რომელთა დროსაც არაერთხელ მეც გამიწევია მისთვის უკეობა. ტექნიკა იცვლებოდა თითქმის ყოველ დილას, ის სრულქმნიდა მუშაობის მისეულ მეთოდს.

შესრულების ეს ძველებური ყაიდა საშუალებას გვაძლევს, მივხვდეთ, თუ რატომ შეიძლება დაბრუნდეს შუბი ცენტრში, როდესაც ვჭრით მარცხნიდან მარჯვნივ და პირუკუ, ეს მოქმედება არაა ბუნებრივი, როდესაც ჭრა მარჯვნიდან მარცხნივაა მიმართული.

ფილიპ ვოარინო
27 ივნისი 2021

Categories
სტატიები

კენ ტაი ჯოს შუბი

წყარო: https://aikidotakemusu.org/la-lance-du-ken-tai-jo/

ერთი შეხედვით შუბი თითქოს ერთიმეორის მიყოლებით იგერიებს მარკვნიდან და მარცხნიდან მომავალ დარტყმებს. სინამდვილში კი არც იგერიებს და არც ბლოკავს, ის თავადაც ჭრის.

ეს კენ ტაი ჯოს საბაზო სუბური გახლავთ.

ხმალი მონაცვლეობით გვიტევს მარჯვენა და მარცხენა იოკომენებით.

ერთი შეხედვით შუბი თითქოს ერთიმეორის მიყოლებით იგერიებს მარჯვნიდან და მარცხნიდან მომავალ დარტყმებს. სინამკვილეში კი არც იგერიებს და არც ბლოკავს, ის თავადაც ჭრის.

ის, რაც აფიქრებინებს ადამიანს, ამ ტექნიკის არსი ყოველ ჯერზე მოწინააღმდეგის იარაღის ბლოკირებაში მდგომარეობსო, უბრალოდ, პედაგოგიური სავარჯიშოს განმეორებითობის გამო ხდება, რომელიც გვაიძულებს, უკან დავიხიოთ სწორ ხაზზე და ყოველ ჯერზე მოწინააღმდეგის ხმალი ვიგერიოთ. სინამდვილეში, შუბის მოძრაობა ძალიანაც განსხვავებულია.

მომდევნო სტატიაში განვმარტავთ, თუ რატომ არ უნდა ავურიოთ ერთმანეთში შუბის მოძრაობები და მარტივი მოგერიებები.

ფილიპ ვოარინო
20 ივნისი 2021 წელი