Categories
სტატიები

მააი და კამაე

იაპონურ საბრძოლო ხელოვნებებში კამაე, ასე ვთქვათ, საწყისი დგომია, თუკი დეტალებში არ შევალთ. მაშასადამე, აიკიდოში კამაე ჰანმია.

იაპონურ საბრძოლო ხელოვნებებში კამაე, ასე ვთქვათ, საწყისი დგომია, თუკი არ შევალთ დეტალებში.

მაშასადამე, აიკიდოში კამაე ჰანმია.

დგომი არის პოზიცია, საიდანაც მიდიან დასარტყმელად და პოზიცია, სადაც ბრუნდებიან დარტყმის შემდეგ.

მაშასადამე, აიკიდოში დასარტყმელად მიდიან ჰანმიდან, მაგრამ არ ურტყამენ ჰანმიში.

ვიდეოში ნათლად ჩანს, რომ დასარტყმელად შესვლის მომენტში ჰანმის დგომის მიღება რეალობაში იმას ნიშნავს, რომ მოწინააღმდეგეს ვშორდებით იმ მომენტში, როდესაც, პირიქით, მასთან მიახლოვება გვჭირდება.

კამაეში (ჰანმიში) ჩადგომა დარტყმის მომენტში არასწორი მააის მიღებას იწვევს. მააი დისტანციაა, ამ შემთხვევაშიც ზოგადად, დეტალებში შეუსვლელად რომ განვმარტოთ.

მოწინააღმდეგესთან არასწორი მააის მიღება ნიშნავს, რომ მას გახსნილ ადგილებსა და იქ დარტმის შესაძლებლობებს ვთავაზობთ. ეს აიტეს სხეულთან არაჰარმონიურ მიმართებას წარმოშობს და, აქედან გამომდინარე, ხელს გვიშლის შევასრულოთ მოძრაობა აიკის პრინციპების მიხედვით. და ბოლოს, ეს ნიშნავს იმის დავიწყებას, რომ სისტემატურად არის რამდენიმე მოწინააღმდეგე და რომ არც ერთი მათგანისთვის ზურგის ჩვენება არ შეიძლება არც ერთ მომენტში.

კამაე ლოდინის კატეგორიაა, ის მოქმედებისთვის აუცილებელი წინაპირობაა, მაგრამ ის არ გახლავთ მოქმედება, ის უძრაობის მომენტია, რომლის დროსაც ყველა შეგრძნება გამძაფრებულია. მოქმედება ირიმი-ტენკანია, მოძრაობაა და ყველასთვის გასაგებია, რომ მოძრაობა ვერ იქნება კამაეში, პოზიციაში, დგომში. კამაე სწორი მოძრაობის წინაპირობაა, მაგრამ როდესაც ის შობს მოძრაობას, კამაე ქრება და კვლავ იბადება მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც მოძრაობა თავის დასასრულს მიუახლოვდება.

აიკიდო ციკლების საქმეა და ყველაფერი ვერ თანაიცხოვრებს ერთმანეთთან და ერთდროულად. კამაე ვერ იარსებებს ირიმი-ტენკანის შუაგულში, ისევე როგორც ირიმი-ტენკანი ვერ აღმოცენდება კამაეს მომენტში.

მართალი ვიქნებით, თუ ვიტყვით, რომ აიკიდოს ნებისმიერი მოძრაობა იწყება და მთავრდება ჰანმით – ასე გვასწავლის ო-სენსეი თავის წიგნში „ბუდო“ – მაგრამ ეს იმას სულაც არ განაპირობებს, რომ ჰანმი ამ ორ მომენტს შორის იყოს. ეს გამორჩა მხედველობიდან თანამედროვე აიკიდოს, რომელიც ჰანმის ათავსებს იქ, სადაც ის უბრალოდ ვერ იქნება: მოქმედების შუაგულში.

მოქმედების შუაგულში მხოლოდ ირიმი-ტენკანს ვხვდებით და, ცხადია, კენკა გოშის, რომელიც ირიმი-ტენკანის შედეგია ტერფების განლაგების თვალსაზრისით.

ფილიპ ვოარინო
20 სექტემბერი 2020

Categories
სტატიები

ტაი ნო ტენკანი

წყარო : https://aikidotakemusu.org/le-secret-de-tai-no-henka-2/

ძალიან ხშირია, როდესაც ტაი ნო ჰენკას დროს ჩაჭიდებული ხელი სპირალურ მოძრაობას ასრულებს ვერტიკალურ ჭრილში. საიტო სენსეი გვიხსნიდა, რომ ასე არ უნდა მოვქცეულიყავით.

ტაი ნო ჰენკა ტენკანის მოძრაობაა, ანუ, ოდნავ რომ გავამარტივოთ საკითხი და არასწორად ვთქვათ, ბრუნვა უკნისაკენ, უკეს ზურგისაკენ. სწორედ ამის გამო მოიხსენიებენ ამ მოძრაობას სახელწოდებით „ტაი ნო ტენკანი.

ეს დატრიალება უკნისაკენ მოძრაობის დასაწყისია, მისი სულ მთლად პირველი წამია: არ არსებობს არავითარი მოძრაობა, რომელიც წინ გაუსწრებდა დროში უკნისაკენ ტრიალს.

თეძოები მყისიერად გაიქაჩება უკნისაკენ და ჩაჭიდებული ხელიც იძულებული ხდება, თეძოების მოძრაობას მიჰყვეს, მაშასადამე, ისიც დაუყივნებლივ უკნისკენ მიდის, მისთვის შეუძლებელია – თუკი ის მართლაც ჰარმონიაშია თეძოების მოძრაობასთან – გააკეთოს რამე მოძრაობა წინისაკენ, რაგინდ მცირეც არ უნდა იყოს ის: წინისაკენ შესრულებული ნებისმიერი მოძრაობა კონფლიქტში შედის ტენკანის ბრუნვასთან.

ამ სტატიაში მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ვუპასუხო ნიკ რენიეს კომენტარს, რომელიც მან იუტუბის არხზე წინა სტატიასთან დაკავშირებით დატოვა.

ტაი ნო ჰენკას დროს ჩაჭიდებული ხელი ხშირად ასრულებს სპირალს ვერტიკალურ ჭრილში (ისე, როგორც თხრის მექანიკური ნიჩაბი).

საიტო სენსეი განმარტავდა, რომ არ იყო საჭირო ამის კეთება ვერტიკალურ ჭრილში, რადგან  ამ დროს შესაძლებელია, რომ უკემ დაგიბლოკოთ მოძრაობა.

შეგიძლიათ, არ ენდოთ სიტყვაზე საიტო სენსეის და შეეცადოთ ეს სხეულის მექანიკიდან გამომდინარე გაიგოთ.

ბევრი ბავშვის მსგავსად, მეც გამიკეთებია ძალიან დიდი ხნის წინ ხელნაკეთი მარიონეტები, სადაც ხის ცილინდზე მიბმული ოთხი ბაწარი ხელებსა და ფეხებს ამოძრავებდა. როდესაც ხელის გულებში მოქცეულ ცილინდრს სწრაფად ვატრიალებდით ფშვნეტის მოძრაობით, კაცუნა ხელებისა და ფეხების ქნევას იწყებდა და ისინი ცილინდრულად ტრიალებდა: ცენტრიდანული ძალის გავლენით ისინი, ცხადია, გვერდულად ტრიალებდა.

ეს ცოტა მარტივი მაგალითია, თუმცა ადამიანის სხეული ამ მამოძრავებელი პრინციპით მუშაობს. როდესაც ხერხემალი ტრიალს იწყებს ჩიკორივით, ყველაფერი, რაც მიბმულია მასზე, ასევე დატრიალდება: ჯერ თეძოები, შემდეგ მხრები, ხელები და, ბოლოს, ფეხები. შეხედეთ, როგორ ტრიალებენ დერვიშები. სხეულის ცენტრალური ღერძის ეს მბრუნავი მოძრაობა გვერდულად აამოძრავებს ყველაფერს: შეუძლებელია, რომ სხეულის თუნდაც ერთი რომელიმე ელემენტი ვერტიკალურ ჭრილში ამოძრავდეს გვერდული ეფექტის მქონე ტრიალის შედეგად.

სხვა სიტყვებით, როდესაც თეძოები მარჯვნიდან მარცხნივ ან მარცხნიდან მარჯვნივ ტრიალებს, ხელები აუცილებლად მიჰყვება გვერდულ ჭრილში, ისინი ვერ ამოძრავდება ზევიდან ქვევით ან ქვევიდან ზევით, მათ არ შეუძლიათ „თხარონ ისე, როგორც მექანიკური ნიჩაბი თხრის“.

ერთადერთი ხერხი არსებობს საიმისოდ, რომ ტაი ნო ჰენკას დროს ხელები ვერტიკალურ ჭრილში ამოძრავდეს, ამისათვის არ უნდა დაატრიალოთ თეძოები და იმუშაოთ მხრისა და წინამხრის კუნთების ძალით. ასევე გადაადგილდეთ უბრალო ნაბიჯით უკნისაკენ. ფიზიკურად საკმარისად ღონიერი უკე ასეთ დროს თავისუფლად შეძლებს ტორის დაბლოკვას.

განსაკუთრებით კი, თეძოების ბრუნვით ამუშავების გარეშე ნიშნავს, მხედველობაში არ მიიღოთ, რომ აიკიდო იყენებს ბრუნვით ენერგიას, რომელსაც კავშირი არა აქვს მუსკულარულ ძალასთან.

მართლაც, ღონე – თუნდაც ძალიან დიდი – რომელიც მბრუნავ ცილინდრზე გამოიყენება, არიდებული იქნება ცენტრიდანული ძალისაგან, იგი აცილებული და, ევენტუალურად, წაყვანილი იქნება იმ წერტილისკენ, სადაც მთელი ეს ღონე განეიტრალდება: აიკიდოს ილეთების პრინციპი ადამიანის სხეულის როტაციული დინამიკის გამოყენებაა, რა დროსაც მოწინააღმდეგის ღონეს გვერდს ვუვლით და მიზანმიმართულად მიგვყავს იგი იმ წერტილში, სადაც ვეღარ გვავნებს.სხეულის ღერძის ბრუნვის გარეშე არ არსებობს აიკიდო. რომელი ტექნიკაც არ უნდა განვიხილოთ, ის ამ პირველადი ჭეშმარიტების ფონზე უნდა გავაანალიზოთ.

ფილიპ ვოარინო
6 სექტემბერი. 2020

Categories
სტატიები

ტაი ნო ჰენკას საიდუმლოება

წყარო : https://aikidotakemusu.org/le-secret-de-tai-no-henka/

ტაი ნო ჰენკას სულ მთლად პირველ თვლაზე უკანა თეძოს ტრიალი უკნისაკენ წინა ტერფის ტრიალს იწვევს, ასე ხდება.

აიკიდოში მოვარჯიშეს, რომელსაც მცირედი გამოცდილება მაინც აქვს, ცხოვრებაში ალბათ ასი ათასჯერ მაინც გაუკეთებია ტაი ნო ჰენკას მოძრაობა, ის, რითაც იწყება ყოველი გაკვეთილი.

მაგრამ ჯობს ასჯერ გააკეთო სწორი მოძრაობა, ვიდრე ასი ათასჯერ არასრულყოფილი მოძრაობა.

შემდეგი მოკლე ფრაზა საიტო სენსეის სწავლებას ლეიტმოტივად გასდევდა:  „ნულს პლუს ნული პლუს ნული უდრის ნულს”.

იმისათვის, რომ ვარჯიში კონსტრუქციული იყოს, უნდა გვესმოდეს, რას აკეთებს სხეული, სხეული კი არ აკეთებს მიახლოებით მოძრაობებს, მისი მოძრაობა სრულყოფილია და მას ბიოდინამიკის კანონები წარმართავს.

ტაი ნო ჰენკას სულ მთლად პირველ თვლაზე უკანა თეძოს ტრიალი უკნისაკენ წინა ტერფის ტრიალს იწვევს, ასე ხდება და ეს ადგილზე შესრულებული მოძრაობა ჰყოფნის სხეულს იმისათვის, რომ შეტევის ხაზი დატოვოს და შეიჭრეს აიტეს სფეროში წამის ერთ მეათასედში.

ტრიალის ამ პირველ თვლაზე უკანა ტერფი საერთოდ არ მოძრაობს, მხოლოდ შემდეგ შედის ის უკნისაკენ ტენკანის თეძოსთან ერთად. და ეს მართლაც ასეა, იმიტომ რომ უკანა ტერფს დრო სჭირდება გადაადგილებისათვის, დრო კი ყოველთვის გვაკლია სწრაფი შეტევისას.

არ არსებობს სხვა მანერა ტაი ნო ჰენკას შესრულებისა, არც სხვა „სკოლა“: არსებობს ერთადერთი შესაძლებლობა, იმიტომ რომ სხეული შექმნილია ისე, როგორიც შეიქმნა, იმიტომ რომ მოძრაობის კანონები არის ისეთი, როგორიც არის და არავის ხელეწიფება ამაში რამენაირი ცვლილება შეიტანოს.

ვარჯიშის ყველაზე ფუნდამენტური ნაწილი სხეულის ყურებაში მდგომარეობს, მისთვის ყურის დაგდებაში, მისი კანონების გაგებასა და მათ შესრულებაში, არც ერთი სწორი მოძრაობა არ არის შესაძლებელი ასეთი ყურადღების გარეშე და არც ერთი სასწავლო მეთოდი არ გვათავისუფლებს ამ მოთხოვნისაგან.

ფილიპ ვოარინო
30 აგვისტო, 2020

Categories
სტატიები

ჯუსან ნო ჯო – განშლა

წყარო : https://aikidotakemusu.org/jusan-no-jo-application/

კუმიჯოს თითოეული თვლა ახალი მოწინააღმდეგისთვის განკუთვნილ დარტყმას შეესაბამება: რეალობაში ზედიზედ ერთსა და იმავე მოწინააღმდეგეს ორჯერ არ ურტყამენ.

2018 წლის 23 ივნისს ამ საიტზე გამოვაქვეყნე სტატია, რომელსაც სახელად „ჯუსან ნო ჯო, სამხილის განადგურება“ დავარქვი.

იქ განვმარტე, რომ დღეისთვის მე-3 ბის თვლის (დარტყმა „უჩის ჯოს გვერდზე გასაწევადო“, როგორც ასწავლიან, ზოგადად) ამოღების ტენდენცია შეიმჩნევა, იმიტომ რომ ეს დარტყმა არც გამოსადეგი ჩანს და არც ბუნებრივი, როდესაც სავარჯიშო ერთ პარტნიორთან ერთად სრულდება. ძალიან გახშირებულია შემთხვევები, როდესაც თავიდან იშორებენ იმას, რაც არ ესმით.

ეს ამოღება მით უფრო მოსახერხებელია, რომ მე-3 ბის დარტყმა არ შედის იმ 13 თვლაში, რომელიც მარტო, უპარტნიოროდ სრულდება ჯუსან ნო კატაში. ამიტომაც, იმაზე მეტად საცდური რაღა არის, ვიდრე აშკარად უსარგებლო ელემენტის წაშლა-ამოშანთვაა?

ზევით, ვიდეოში, ჯუსან ნო ჯოს საწყისი თვლები ოთხი მოწინააღმდეგის გარემოცვაშია წარმოდგენილი.

ასეთ სიტუაციაში მე-3 ბის თვლა მთელ თავის აზრს იძენს, ის სულაც აღარ გვჭირდება უჩის ჯოს გვერზე გასაწევად ან მისი ხელის დასაზიანებლად (რაკი უკვე დაზიანებულია წინა თვლაზე), ეს თვლა მეოთხე მეტოქისთვისაა განკუთვნილი.

კუმიჯოს (ან კუმიტაჩის) თითოეული დარტყმა სულ ახალ და ახალ მოწინააღმდეგეს შეესაბამება: რეალობაში ზედიზედ ორჯერ არ ურტყამენ ერთსა და იმავე მოწინააღმდეგეს, ამისთვის უბრალოდ დრო არ რჩება მრავლობითი შეტევის კონტექსტში და, კიდევ უფრო ძლიერი საფუძველის გამო, ბრძოლის ველზე.

„One to one“ პრაქტიკაში მოცემული სასწავლო მოდელი ფუნდამენტურია, ის სკრუპულოზურადაა შენარჩუნებული, მაგრამ ამიერიდან სრულდება ოთხი სხვადასხვა მიმართულებით და არა განმეორებითად და მხოლოდ ერთ მხარეს.

მხოლოდ ასე ხდება გასაგები ამ უცნაური მე-3 ბის მოძრაობის არსი და მიზეზი.

აქედან ნათლად ჩანს, რომ მე-3 ბის თვლის თვითნებურად ამოღება სწავლების ელემენტარულ დონეზე საუკეთესო საშუალებაა, მოსწყდე ტრადიციულ ცოდნას და დაკარგო ყველანაირი შანსი, ერთ მშვენიერ დღეს მოძრაობის რეალობას ჩასწვდე.

სრულად უნდა ვენდოთ ავთენტურ მასალას, რომელიც მემკვიდრეობით გადმოგვეცა აიკიდოს შესასწავლად, მას მზრუნველობით უნდა მოვეპყრათ და, თუკი საჭირო ხდება მეთოდის გაშლის მოძებნა და პოვნა, ეს ყოველთვის თავმდაბლობითა და ამ მასალის პატივისცემით უნდა გავაკეთოთ: ამის გარეშე არაფერია შესაძლებელი და აიკიდო უბრალო ჟესტიკულაციად იქცევა, თუმცა ავთენტური კვლევის გარეშეც ეს მალასა მკვდარი და ფუჭი იქნება.

ფილიპ ვოარინო
22 აგვისტო,  2020 წელი

Categories
სტატიები

კუმიჯო #3 – განშლა

წყარო : https://aikidotakemusu.org/kumijo-3-application/

მესამე კუმიჯოს საბაზო ფორმაში ერთი უცნაური მოძრაობაა მესამე და უკანასკნელ თვლაზე. როგორ ავხსნათ ამგვარი მოქმედება?

მესამე კუმიჯოს საბაზო, ანუ, როგორც ინგლისელები იტყიან, “one to one” ფორმაში ერთი უცნაური მოძრაობა გვხვდება მესამე და უკანასკნელ თვლაზე: უკე-ჯო თავის ჯოს უჩი-ჯოს ქვეშ ატარებს, ვიდრე მას გულ-მკერდში უჩხვლეტდეს.

ერთი შეხედვით, ჯოს ასე ქვევით ჩატანის მიზეზი უჩი-ჯოს მხრიდან გვერდული დარტყმის ბლოკირების მცდელობის თავიდან აცილება უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში, ზოგადად, ასე ისწავლება მეთოდის ფარგლებში.

თუმცა ამგვარი მოქმედება ძალიან დამაჯერებლად არ ჩანს ამ კონტექსტში.

როგორც წინამავალ სტატიაში ვწერდი, როდესაც რამე არ გვესმის ტრადიციულ სწავლებაში, იქამდე უნდა ვეძებოთ, ვიდრე სწორ მიზეზს არ ვიპოვით, რადგან ყოველთვის არსებობს მიზეზი, თუკი მართლა ტრადიციულ სწავლებასთან გვაქვს საქმე.

ერთ მოწინააღმდეგესთან პრაქტიკის დროს, ჯოს ქვევით ჩაწევის მხოლოდ არასწორ მიზეზებს ვპოულობთ, ამიტომაც იქ არ უნდა გავაგრძელოთ ძებნა.

იმის მისახვედრად, თუ რა საჭიროა ეს მოძრაობა, სამი მოწინააღმდეგე უნდა განვალაგოთ უკე-ჯოს გარშემო და ამის შემდეგ არაფერი არ უნდა შევცვალოთ, ერთგულად უნდა მივყვეთ საბაზო სავარჯიშოში ნასწავლი თანმიმდევრული მოძრაობების სქემას, ოღონდ ამჯერად სამი თავდამსხმელის გარემოცვაში.

მაშინ შევამჩნევთ, რომ მოძრაობათა ასეთ ბმას მესამე თვლაზე მივყავართ სიტუაციაში, რომელშიც ბოლო მოწინააღმდეგე აღმოჩნდება პოზიციაში, საიდანაც შეუძლია მარცხენა ფერდში უჩხვლიტოს უკე-ჯოს, რომელიც, თავის მხრივ, ამ დროს ჰიდარი ჰანმიში დგას.

ასეთ სიტუაციაში უკე-ჯოს მშვენივრად შეუძლია მკერდში დაარტყას უჩი-ჯოს, მაგრამ თუკი შეტევის ამ კუთხეს აირჩევს, ამ დროს აუცილებელია, რომ მისმა ჯომ პირველ თვლაზე უჩის ცკის ქვეშ გაიაროს.

აი, მიზეზი ამ მოძრაობისა, რომელსაც ხელოვნური ხასიათი ჰქონდა ერთ პარტნიორთან ვარჯიშისას, მაგრამ სრულიად ლოგიკური და ბუნებრივი ხდება სამ მოწინააღმდეგესთან.

ფილიპ ვოარინო

10 აგვისტო 2020 წელი

Categories
სტატიები

თუკი პოსტულატი არასწორია

წყარო : https://aikidotakemusu.org/jusan-no-jo-sanju-ichi-no-jo-frappe/

ჯუსან ნო ჯოსა და სანჯუ იჩი ნო ჯოს დასაწყისებს ერთი რამ აქვთ საერთო. ამ ორ მონაკვეთში მართლაც არსებობს თითო დარტყმა, რომელიც, ერთი შეხედვით, არასაჭირო ჩანს.

ჯუსან ნო ჯოსა და სანჯუ იჩი ნო ჯოს ერთი რამ აქვთ საერთო.

ამ ორ მონაკვეთში მართლაც არსებობს თითო დარტყმა, რომელიც, ერთი შეხედვით, არასაჭირო ჩანს. ორივე მონაკვეთში ჯო გარკვეულ მომენტში უჩის ჯოს ისეთნაირად ურტყამს, რომ ეს დარტყმა უნცაურად უადგილო და ზედმეტი ჩანს.

ფაქტობრივად, თუკი გავითვალისწინებთ, რომ ეს სავარჯიშოები სასწავლო ფორმაა ერთიერთზე ბრძოლისა, მაშინ მართლაც არ აქვს აზრი ორჯერ ზედიზედ დარტყმას უჩის ჯოზე ერთ კონკრეტულ გარემოებაში. ეს გამეორება უადგილო იქნებოდა ასეთ კონტექსტში.

ყველა ლოგიკის მიხედვით, და თუკი მოწაფეებს ოდნავი რწმენა ექნებოდათ იმ სწავლებისა, რომელსაც მათ სთავაზობენ, ამ ერთი შეხედვით უცნაურობამ, ჯოს ამ მოულოდნელმა ენაბრგვილობამ, წესით, უნდა დააფიქროს ისინი და სწორედაც იმის მაჩვენებლად უნდა გამოდგეს ალბათ, რომ აქ არ იგულისხმება ერთიერთზე ბრძოლა.

მაგრამ ზუსტად ამის საპირისპირო რამ ხდება: რაკი სავარჯიშოს გარეგნული მხარე ქმნის ილუზიას, რომ აქ ერთიერთზე ბრძოლასთან გვაქვს საქმე, აპრიორულად ყალიბდება აზრი, რომ ეს მართლაც ერთიერთზე ბრძოლაა და, ვინაიდან ეს ერთიერთზე ბრძოლაა, მაშინ ზემოხსენებული დარტყმები სრულიად ზედმეტი ხდება.

მომდევნო ნაბიჯიც არ დაახანებს ხოლმე: ვინაიდან ეს დარტყმები ზედმეტია, ცხადია, მათი მოშორება ხდება საჭირო.

თუკი პოსტულატი არასწორია, მკაცრი ლოგიკითვე მივდივართ შეცდომისკენ.

თუმცა ეს შეცდომა, ყველაფრისდა მიუხედავად, შეუძლებელი გახდებოდა, რომ არ ყოფილიყო იგი მოკრძალების სრული ნაკლებობის შედეგი. ხომ მართლაც ნათლად ჩანს აქ ის ამპარტავნული სიბრმავე, რომელიც აუცილებელია აუცილებლად შეზღუდული ცოდნის მქონე ინდივიდებისთვის, რათა მათ წარმოიდგინონ, რომ ერგებათ და თან ძალუძთ, შეამჩნიონ და შეასწორონ ტრადიციული სწავლების შესაძლო ნაკლოვანებები?

ადამიანები, რომლებიც ამგვარ საქმიანობაში ერთვებიან, სინამდვილეში თხუნელისთვის შესაშურ სიბეცეს და არხეინ ქედმაღლობას იჩენენ, რასაც პირდაპირი გზით მივყავართ ავთენტური ცოდნის დავიწყებისა და კარგვისაკენ.

სწორი საქციელი იმის გადაგდება და გადაკეთება კი არაა, რაც არ გვესმის საწყისების სწავლებაში, არამედ მათი მიღება მოწიწებით, მოკრძალებით და მადლიერებით, რათა აქედან დამხმარე საფეხურები გავაკეთოთ მომავალში თვალსაწიერის გახსნისათვის, ან, ყოველ შემთხვევაში, შევინარჩუნოთ ის და სრულიად უცვლელი სახით გადავცეთ მომავალ თაობას.

Categories
სტატიები

დარტყმის წამი

წყარო: https://aikidotakemusu.org/linstant-de-la-frappe-tsuki-jodan-gaeshi-uchi/

დარტყმის წამი არ გახლავთ ჰანმის პოზიცია, ის ჰანმის ორ პოზიციას შორისაა. ამ წამს კენკა გოში ეწოდება.

პოზიცია ჰანმი მოძრაობის დასაწყისში და ბოლოშია.

დარტყმის წამი არ გახლავთ ჰანმის დგომი, ის ჰანმის ორ პოზიციას შორისაა.

მაშასადამე ამ მომენტში ტერფები აუცილებლად კვადრატულადაა.

ამ წამს კენკა გოში ეწოდება.

ამგვარად, კენკა გოში დგომი არ გახლავთ, ეს არის წამი, რომელიც სხეულის ირიმი-ტენკანით ბრუნვისას წარმოიშვება.

კენკა გოში დარტყმის შემდეგ მყისიერად ქრება და სხეულიც კვლავ ჰანმის დგომს უბრუნდება.

ყველას შეუძლია ნათლად დაინახოს ჰანმი, იმიტომ რომ ეს დგომია, იმიტომ რომ ის დასაწყისში და ბოლოშია და იმიტომ, რომ ის გარკვეულ ხანს გრძელდება, მაგრამ კენკა გოშის დასანახად გავარჯიშებული თვალია საჭირო, იმიტომ რომ ის მსწრაფლწარმავალი, წამიერი ხასიათის მოვლენაა.

კენკა გოში არის მომენტი, როდესაც სხეულის ბრუნვას შედეგად სამიზნეში იარაღის შერჭობა მოჰყვება. და პირუკუ, როდესაც სხეული ბრუნდება ჰანმის პოზიციაში, მანძილი სამიზნესთან იზრდება და შერჭობილი იარაღი უკან გამოდის, ეს ნორმალური ბიომექანიკური შედეგია.

ჰანმიში დარტყმა შეცდომაა და ნიშნავს, რომ არტყამ იმ თვლაზე, რომელიც იარაღის გამოსაღებადაა გააზრებული, მაშინ როდესაც პირიქით, დარტყმა საჭიროა იმ თვლაზე, რომელიც იარაღის შესარჭობადაა გააზრებული.

Categories
სტატიები

ცკი ჯოდან გაეში უჩი – მუშაობა ხაზზე

წყარო: https://aikidotakemusu.org/tsuki-jodan-gaeshi-uchi/

შეთანხმებისამებრ, ჯოს ყველა სუბური სრულდება ხაზზე. პრაქტიკის ეს ხელოვნური მანერა საშუალებას აძლევს მოწაფეს კონცენტრირდეს ფორმაზე.

შეთანხმებისამებრ, ჯოს ყველა სუბური სრულდება ხაზზე.

პრაქტიკის ეს ხელოვნური მანერა საშუალებას აძლევს მოწაფეს კონცენტრირდეს ფორმაზე, რაც მოეთხოვება მას, და არ გაებნეს გონება საბრძოლო წახნაგებზე, რომელთა შემოტანასაც არა აქვს საფუძველი სწავლების ელემენტარულ სტადიაზე.

როდესაც ფორმა ნაცნობი გახდება, შესაძლებელია ამავე სავარჯიშოს გამოყენება თეძოების ხმარების განვითარებისათვის. მართლაც, ირიმის თეძო – რომელიც აქ უკანა თეძოა – შედის წინ მხოლოდ და მხოლოდ იმ ზომით, რა ზომითაც ტენკანის თეძო – რომელიც აქ წინა თეძოა – ასრულებს გახსნის სამუშაოს ბრუნვით. აი ამ დროს შეაქვს ტენკანის თეძოს წინისაკენ ირიმის თეძო, და მას გასასვლელს უტოვებს.

ტენკანის თეძოს უკნისაკენ ტრიალის გარეშე, ანუ ამ თეძოს უმოქმედოდ დატოვების შემთხვევაში, დარტყმა უკანა ფეხის უბრალოდ წინ წადგმით სრულდება და ამგვარ მოქმედებაში არც ნამდვილი ძალაა და არც სისწრაფე.

არც ის გამოგვრჩეს ყურადღებიდან, რომ თეძოების ასეთი ბრუნვა სწორ ხაზზე ჯერ კიდევ არ არის ის, რასაც აიკიდოს ირიმი-ტენკანი ეწოდება. აიკიდოს ირიმი-ტენკანის პრინციპი მხოლოდ სპირალური მოქმედების დროს გამოიხატება, ის ვერ ამუშავდება წრფივი გადაადგილების დროს.

ირიმი-ტენკანის შესასწავლად აუცილებლად უნდა მივატოვოთ წრფივი გადაადგილება და სხვასთან (უკესთან) მუშაობა შეტევის სხვადასხვა მიმართულებების გათვალისწინებით დავიწყოთ. თუმცა ამ ტიპის შესწავლას მხოლოდ მაშინ მოაქვს შედეგი, რომდესაც ტექნიკური ფორმა უკვე ათვისებულია.

Categories
სტატიები

გარდაქმნა

წყარო : https://aikidotakemusu.org/transformation-shiho-nage-kote-gaeshi-yokomen/

შიჰო ნაგეს საწყისი სპირალი ერთი წამით კოტე გაეშის სპირალს ერწყმის და შესაძლებელია, რომ ერთი მეორედ წყვეტის გარეშე გარდაიქმნეს.

წინა ტექნიკური სტატია იოკომენ უჩი შიჰო ნაგეს შეეხებოდა.

როდესაც სპირალი იწყება, ვიცით, რომ ის ყოველთვის უნდა მივიდეს თავის დასასრულამდე და რომ მიმართულების მკვეთრი და ქაოტური ცვლა ვერ ჯდება აიკიდოს წესებში.

ამასთან, აიკიდოს მოძრაობა იწყება ამ სადგარის შუაგულიდან, რომელიც გადაადგილების მოდელს წარმოადგენს. და ამ მოდელის ყველა სპირალი თავისი განვითარებისას აუცილებლად გადის ერთ განსაკუთრებულ წერტილს, სადაც ის ხანმოკლედ ხვდება სიმტერიული, საპირისპირო მიმართულების სპირალის სვლას. ამ ზუსტ წერტილშია შესაძლებელი გზების გაყოფა, საწყისი სპირალური ტრაექტორიის დატოვება და სხვა, დამატებით სპირალზე გადასვლა, ამასთან ისე, რომ არ შეწყვიტოს ლოგარითმული როტაციით სვლა, რომელიც აიკიდოს გადაადგილებას ახასიათებს.

ამ ტიპის სავარჯიშო სრულდება ვიდეოში: იმ წერტილში, სადაც შიჰო ნაგეს საწყისი სპირალი წამით კოტე გაეშის სპირალს ერწყმის, შესაძლებელი ხდება, რომ ერთი მეორედ გარდაიქმნეს. აქ მოძრაობის რიტმისა და სპირალური ლოგიკის არავითარი უხეში წყვეტა არ შეინიშნება.

შიჰო ნაგეს ფორმა გარდაიქმნება კოტე გაეშად საპირისპირო კუთხით, მაგრამ ყველაფერი დაცული და შენარჩუნებულია იმ უცვლელ და უნივერსალურ კანონში, რომელიც აიკიდოს მოძრაობას წარმართავს.

Categories
სტატიები

გულიდან გულში

წყარო : https://aikidotakemusu.org/de-coeur-a-coeur-shiho-nage-yokomen/

ტორის გონება იმ ხელზე უფრო შორს უნდა ხედავდეს, რომელიც მას უტევს, იგი უკეს სფეროში უნდა შეიჭრას, გაკვეთოს ის, რათა შეტევის შუაგულს მისწვდეს და იქ დაარტყას.

აიკიდო მოითხოვს, რომ ვიმოქმედოთ გულიდან გულში.

ამგვარი ფრაზის არასწორმა აღქმამ გამოიწვია ის უმთავრესი გაუგებრობა, რამაც აიკიდო „სიყვარულისა და ჰარმონიის“ ფუყე, გამოუსადეგარ ტანვარჯიშად აქცია და ძალიან დააშორა იმ სასტიკ საბრძოლო ხელოვნებას, რაც არის მისი არსი.

უმთავარესი გახლავთ ის წამი, როდესაც ტორი მოქმედების გული თვალის დახამხამებაში შეიჭრება უკეს შეტევის გულში. მუშტები, ტერფები, ხმალი, ყველანაირი იარაღი, სხვა არაფერია, თუ არა მათი წარმმართველი სასიცოცხლო ცენტის გაგრძელება. იმისათვის, რომ ნებისმიერმა ნამდვილმა მოქმდებამ შედეგი მოიტანოს, იგი მოწინააღმდეგის სასიცოცხლო ცენტრს უნდა მისწვდეს, იმიტომ რომ სწორედ ეს ცენტრია შეტევის სათავე და ის წარმოადგენს საშიშროებას. თუკი ხანჯალი მაგიდაზე ძევს და მას ხელში არავინ იღებს, იგი არაა საშიში.

ტორის გონება უფრო შორს უნდა ხედავდეს, ვიდრე ხელია, რომელიც, მაგალითად, იოკომენ უჩით უტევს, იგი ამაყად უნდა შეიჭრას უკეს სფეროში და გადაკვეთოს ის, რათა მისწვდეს და ამ უკანასკნელის შეტევას შიგ გულში დაარტყას.

აი, ამიტომაც არ არსებობს აიკიდოში ბლოკირება. მოინდომო შეტევის დაბლოკვა, როგორიც არ უნდა იყოს ის, რათა მას შემდგომ უპასუხო, ნიშნავს, შექმნა ღიაობა საკუთარ სხეულში, რომელშიც უკე მომდევნო დარტყმით შემოგიტევთ, თუკი მას საკმარისად აქვს განვითარებული რეფლექსები. განსაკუთრებით კი ნიშნავს იმას, რომ დაკარგო ძვირფასი დრო, რომელიც საჭიროა შეცვალო პოზიცია სივრცეში, რათა თავიდან აიცილო ერთდროული შეტევები სხვა პოტენციური თავდამსხმელებისაგან.

Delenda Carthago ანუ კართაგენი უნდა დაეცეს : როდესაც კართაგენის არმია გიტევს, არც კედლებს უნდა ამოეფარო და არც სანგრებში ჩაიმალო, უნდა დაანგრიო კართაგენი, გულში უნდა დაარტყა იმ ცენტრს, რომელსაც მოწინააღმდეგე განაგებს. მოძრაობის ომი ყოველთვის იმარჯვებს პოზიციის ომზე.